მახუნცეთი ბათუმიდან სულ რაღაც 33 კილომეტრითაა დაშორებული. იგი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებს შორის. ეს დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ მახუნცეთი სანახაობების და აქტივობების მრავაფეროვნებით გამოირჩევა. აქ თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი ჩანჩქერი, ისტორიული თამარის ხიდი, ეწვიოთ ადგილზე არსებულ რესტორნის ტიპის კვების ობიექტებს და დააგემოვნოთ აქვე დაჭერილი კალმახი, ზაფხულის ცხელ დღეებში სასიამოვნოდ გაგრილდეთ მდინარე აჭარისწყლის სანაპიროზე, შეიძინოთ ადგილობრივი ნაწარმი: ნატურალური თაფლი, ღვინო, ჭაჭა და ა.შ. ან უბრალოდ დატკბეთ ბუნებაში ყოფნით.